პატივცემულო ადვოკატებო,
საქართველოში, ადვოკატის პროფესიის მდიდარი ისტორიის და ტრადიციების გათვალისწინებით, რვა წლის წინ შეიქმნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და მინდა მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი დღე. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება, წმინდანად შერაცხული ქართველი კლასიკოსის და ადვოკატის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე-8 ნოემბერი გამოცხადებულიყო ადვოკატის დღედ, მოიწონა და დალოცა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ. სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, უკანონოდ გასამართლებული 157 ადვოკატის გამო, რომელთა უბსოლუტური უმრავლესობა შეეწირა ქვეყანაში ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციური დევნის პროცესს, ადვოკატთა ასოციაცია მასშტაბურად არასოდეს აღნიშნავდა ადვოკატის დღეს. ადვოკატთა კორპუსმა არნახული გმირობის მაგალითი უჩვენა სამოქალაქო საზოგადოებას. რისკის ფასად იცავდა და იცავს ადამიანის უფლებებს, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ. სამწუხაროდ, დღეს, სამართალდამცავი ორგანოები ადვოკატებს კვლავ ემუქრებიან თავისი უშუალო მოვალეობის შესრულების გამო, რაც საგანგაშო ფაქტია. ადვოკატთა ასოციაცია იბრძოლებს იმისათვის, რომ ჩვენი პროფესია იყოს დაცული. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ერთადერთი გაერთიანებაა ევროპაში, რომელმაც მიაღწია ადვოკატის პროფესია საერთაშორისო დონეზე ყოფილიყო აღიარებული, როგორც რისკის შემცველი პროფესია. საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით დადასტურა ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციური დევნა, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის სამარცხვინო ფაქტია.
ადვოკატთა ასოციაციის ძალისხმევით, საკანონმდებლო დონეზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ისეთი ცვლილებები, რომლებიც დაეხმარებიან ადვოკატს განახორციელოს კლიენტის სრულფასოვანი დაცვა. 2014 წლის იანვრიდან მოწმედ დაბარებული პირი დაიკითხება პირდაპირ სასამართლო პროცესზე. მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე, ადვოკატს შესაძლებლობა ექნება თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, მოწმეზე ზეწოლის გარეშე დაიცვას. 2014 წლის სექტემბრიდან ადვოკატებს უფლება ექნებათ მიმართონ სასამართლოს ჩხრეკის და ამოღების თაობაზე, რაც ჩვენი პროფესიის განვითარების და პოპულარიზაციის საფუძველია.
ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატებს უფასოდ შესთავაზა განგრძობადი იურიდიული განათლება, რომელიც უფრო მასშტაბური გახდება. ამა წლის ოქტომბრის თვეში, თბილისში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი სასწავლო ცენტრი, 2014 წლიდან ბათუმში გაიხსნება ადვოკატის სახლი, რომელსაც ექნება სასწავლო ცენტრი, ეს ხელს შეუწყობს ადვოკატის პროფესის განვითარებას. ადვოკატთა ასოციაცია არ აპირებს პროფესიული განვითარების შეჩერებას და იბრძვის იმისათვის, რომ ჩვენი პროფესია გახდეს ყველაზე დაცული და წარმატებული პროფესია ჩვენს ქვეყანაში.
ამაყო და ღირსეულო კოლეგებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს, გფარავდეთ უფლის მადლი და ძალი!
ზაზა ხატიაშვილი